ევროპარლამენტის წევრებმა მოუწოდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, უზრუნველყონ უკრაინისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და სამხედრო დახმარება, მათ შორის მძიმე ტექნიკა და გამანადგურებელი, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში გამარჯვების მისაღწევად. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
რეზოლუციას 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 25, 37-მა თავი შეიკავა.
„ისინი [ევროპარლამენტარები] უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ისინი მოუწოდებენ, სერიოზულად განიხილებოდეს დასავლური გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების, შესაბამისი სარაკეტო სისტემების მიწოდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდოს კიევისადმი საბრძოლო მასალის მიწოდება. უკრაინას არამხოლოდ თავის დაცვა, არამედ მთელ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა უნდა შეეძლოს”, - აღნიშნულია ტექსტში.
ამასთან, რეზოლუცია რუსეთისადმი სასანქციო წნეხის გაზრდისკენ და უკრაინის აღსადგენად რუსული აქტივების კონფისკაციისკენ მოუწოდებს.