სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, რუსეთი კი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
რეზოლუციას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგ წავიდა, 7-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.
სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო პირების, სამოქალაქო ობიექტებისა და საკვანძო ენერგეტიკული სტრუქტურების წინააღმდეგ.
რეზოლუცია არ აღიარებს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. „რეფერენდუმებს” და მათ შედეგებს და მიუთითებს, რომ ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილად რჩება.
სლოვაკი დეპუტატები რუსეთის ჰიბრიდულ ომს გმობენ, რომელსაც ის სლოვაკეთის ტერიტორიაზეც აწარმოებს. რეზოლუცია სამართალდამცავ ორგანოებს, სადაზვერვო სამსახურებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდებს, საფრთხე სათანადოდ შეაფასონ და სლოვაკეთში უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად შესაბამისი ეფექტიანი ზომები მიიღონ.