რუსეთმა ევროპის საბჭოს წესდებისა და კონვენციების მოქმედება ოფიციალურად შეწყვიტა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო კანონი ევროპის საბჭოს წესდების და იმ ორგანიზაციის ფარგლებში მიღებული 20 საერთაშორისო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, საიდანაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ გარიცხეს.

დეპუტატების მიერ მიღებული კანონი სხვა საკითხებთან ერთად ეხება ევროპის საბჭოს 1949 წლის 5 მაისის ქარტიას, 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, 1977 წლის 27 იანვრის ტერორიზმის აღკვეთის ევროპულ კონვენციას, 1985 წლის 15 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიას და 1996 წლის 3 მაისის სოციალურ ქარტიას.

კანონპროექტი სახელმწიფო დუმას იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წარუდგინა.

რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში და დღემდე აგრძელებს აგრესიას.