თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ დეპუტატებს კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც წარმოდგენილ დოკუმენტს დაემატა.
„სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს. პირველი ეს არის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ინსტიტუციური საკანონმდებლო და კონცეპტუალური ბაზის შექმნა და გაძლიერება. მეორე - თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება, რაც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და საკვანძო მიმართულებაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თავია, რომელიც უსაფრთხოების დისკუსიებში ჩვენი კომიტეტის როლის გაზრდას გულისხმობს.
სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის ძალების პოპულარიზაციაში და ევროატლანტიკური ალიანსის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას ეძღვნება“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება წარადგინა. მომხსენებელმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს.
მისივე თქმით, შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოსა და NATO-ს წევრი ქვეყნის-რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას.