კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში სომხეთის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელდა. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა სომხეთის ელჩის ინიციატივით შედგა და ხანმოკლე საუბრის დროს ის შეეხო ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლთა გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის". –ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საელჩომაც. მათი თქმით, რუბენ სადოიანმა ისაუბრა კონფლიქტში თურქეთის ჩართულობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს არის დაუშვებელი და რეგიონისთვის საფრთხის შემცველი.
"ამ კონტექსტში განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე თურქეთის მეშვეობით სირიიდან ტერორისტ-მებრძოლთა ჩართულობა არცახის წინააღმდეგ მოქმედებებში. საუბარი შეეხო ასევე იმ ფაქტს, რომ ტერორისტების ჩართულობა კონფლიქტში რეგიონში დიდ საფრთხეს წარმოადგენს ასევე საქართველოსთვის". - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
გუშინ, 6 ოქტომბერს, საქართველოში სომხეთის საელჩომ განცახდება გაავრცელა და უარყო გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ საქართველო სომხეთისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ დახმარებას და საწვავს აფერხებს.
მიმდინარე თვეს სომხეთის საელჩომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მაშინ სომხეთის საელჩომ განაცხადა, რომ ვიდეო, რომელშიც საუბარი იყო ბორჯომში დაფიქსირებულ სამხედრო ტექნიკაზე და ნათქვამი იყო, რომ ის, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.