პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილ საქართველოში რევოლუციის მოხდენის იდეით ჩამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. რომ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია, მკურნალობს და საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გაჩნია სხვა პატიმარს. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ რევოლუციის მოხდენის იდეით ჩამოვიდა.

„მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა, იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა პირველ ოქტომბერს, იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გაჩნია სხვა პატიმარს.

თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ ჭირდება რეალურად მკურნალობა, ეს არის ჩემი პასუხი.

ასევე მინდა ვახსენო, რომ ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ  მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა, აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონის ზემოთ.

ჩვენ გვაქვს ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტიტებს, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე ზემოთ. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული ყოფილი პარლამენტარის ცემით. კერძო ტელევიზია „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი. ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდა ოდესიდან, რომ რევოლუცია მოეხდინა, ეს არის ამბავი. მე არ მინდა, რომ ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა, გაგცეთ კითხვაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.