ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ის თვალს ადევნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას. ლუკაშენკომ აღიშნა, რომ სააკაშვილი ოდესღაც პრეზიდენტი იყო და რაც ახლა ხდება, უბრალოდ შეუფერებელია. ინფორმაციას ამის შესახებ Belta ავრცელებს.
„რაღაც არ ჩანს ძალიან საკადრისად იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს ის პრეზიდენტი იყო. ამიტომ, ისეთ დონემდე დაშვება, როგორც ეს ვითარდება, უბრალოდ არასაკადრისია. რატომ ვამბობ ამას: ჩვენ ხომ არ მიგვიცია შეფასება, არ ჩავრთულვართ ამ თუ სხვა სიტუაციებში. ჩვენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, ლუკაშენკო სვამს შეკითხვას, „რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ ჩვენს შეხვედრებზე“.
„ერთი აზრი არ მშორდება: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ ჩვენს შეხვედრებზე. ნუთუ არ შეიძლებ,ა ადამიანებს შორის, ხალხებს შორის ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა არსებობდეს? იქნებ, ამ ურთიერთობებმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. მე და თქვენ ხომ არასდროს დაგვიგეგმავს თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.