„მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკულის ანალოგიას“, - ამის შესახებ პარლამენტში „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა თავიდან შეთავაზება, რომ წარგვედგინა პირდაპირ ამერიკული ვარიანტი, მაგრამ მათ მიერ იყო წინადადება, რომ უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არა ამერიკული პროექტი წარგვედგინა. ჩვენ მივიღეთ მათი შემოთავაზება და წარვადგინეთ, პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა ამერიკულ ვარიანტს.
ჯერ საკომიტეტო განხილვები არ დაწყებულა და დაიწყო აქტიური ისტერია ამის გარშემო, რომ თითქოს რუსული კანონის ანალოგია. ჩვენ საზოგადოებას ბრიფინგზე გავაცანით სხვაობა, თუ რით განსხვავდება ამერიკული ვარიანტისგან და ავუხსენით საზოგადოებას, რომ რუსულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არავითარი აკრძალვის მექანიზმები ქართულ ვარიანტში არ იკითხება, ის შიშები და სპეკულაციები არის უსაფუძვლო.
რადგან ასე წარიმართა პროცესი, მივიღეთ გადაწყვეტილება წმინდა ამერიკული ვარიანტი ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ, ანუ არჩევანი გვაქვს უფრო მეტი, ვიდრე აქამდე გვქონდა და ვფიქრობ, მეტი საშუალება ექნება საზოგადოებას და ოპონენტებს მსჯელობის.
ვიტოვებ იმედს, გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნება" დაიჭერს ამ კანონპროექტს მხარს, მაქვს იმედი, რომ არ დარჩევა სპეკულაციის საფუძველი ოპოზიციას და მხარს დაუჭერენ. ანუ ახლა გვაქვს ორი არჩევანი. კარგია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრუნდებიან პარლამენტში, ანუ ამ ინიციატივამ უკვე ერთი პოზიტივი შემოუტანა, რომ ისინი მიატოვებენ ქუჩას.
მინდა ვუსურვო პარლამენტს წარმატებული განხილვა და ამერიკული ვარიანტის მხარდაჭერა," - განაცხადა ხუნდაძემ.
ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. კანონპროექტი პარლამენტში 20 თებერვალს დაარეგისტრირეს.
ამ პირველ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.