უკრაინა-ევროკავშირ-NATO-ს სამმხრივ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემა განავითარონ. მხარეები შეთანხმდნენ, მოიწვიონ NATO-ს, ევროკავშირისა და უკრაინელი ექსპერტები, რათა ნახონ, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინას ჰქონდეს მისთვის საჭირო იარაღი.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და მე განვიხილეთ იარაღის წარმოების გაზრდის აუცილებლობისა და ჩვენი შესყიდვების სისტემების განვითრების საკითხები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინის თხოვნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ NATO უნდა დაეხმაროს უკრაინას შესყიდვების სისტემის შემუშავებაში, რომელიც იქნება ეფექტiani, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ინტენსიურად იმუშაონ სამი საკითხის გადასაჭრელად: რაც შეიძლება ეფექტიანი წვრთნა; იარაღისა და ჭურვების რაც შეიძლება ეფექტიანად წარმოება და ბრძოლის ველზე მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდება.
„დროა, დიპლომატებს და მაღალი თანამდებობის პირებს ჰქონდეთ წვდომა წარმოებისა და შესყიდვების დეტალებზე, რათა შეიქმნას ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაო დონეზე ამოქმედდება კონტაქტის მექანიზმი იარაღისა და ჭურვების წარმოების საკითხების გადასაჭრელად და მწარმოებელს, კონტრაქტორსა და ბენეფიციარს შორის თანამშრომლობის დასამყარებლად. მინისტრის თქმით, ბრიუსელში ასევე წამოჭრა უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხი.
საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, რათა მონაწილეობა მიიღოს უკრაინა-ევროკავშირ-NATO-ს პირველ სამმხრივ შეხვედრაში და კოორდინირება გაუწიოს ძალისხმევას იარაღის, სწავლებისა და თავდაცვის ინდუსტრიის დატვირთვის გაზრდის შესახებ.