სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნისა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების ეფექტურად შესასრულებლად მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო შეიქმნება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ , მოადგილეებთან ერთად აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ფაზა 2“ მხარდაჭერით, განსახილველად და რეკომენდაციების მისაღებად არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ობიექტური გამოძიების წარმართვის აუცილებელ წინაპირობას გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი ხარისხის არსებობა განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი გარანტიების შექმნა და პოტენციურ მსხვერპლზე მორგებული ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების დანერგვა სამსახურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან მალევე პოტენციური მსხვერპლისთვის საქმის მასალების გაცნობის გამარტივებული წესი შეიმუშავა; მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კი სამსახურში დაცვის სპეციალური პროგრამა აამოქმედა. ახალი სამმართველო სწორედ ზემოაღნიშნული სიახლეების პრაქტიკაში ეფექტურად განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული და პოტენციური მსხვერპლის, დაზარალებულის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს შექმნის.
ახლად შექმნილი სამმართველო გაამარტივებს გამოძიების პროცესში მსხვერპლის ჩართულობასა და გამომძიებელთან კომუნიკაციას, ხელს შეუწყობს დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირებას და გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა და დაზარალებულთა ინფორმირებულობას.
მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური, სპეციალიზებული და ღია კონკურსის წესით შერჩეული კადრებით, რომლებიც სამსახურის ხელშეწყობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიზნობრივ პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.