აშშ-ში თითქმის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა პარასკევს გასცა.
როგორც ცნობილია, განკარგულება 1-ელ თებერვალს, 23:59 საათიდან შედის ძალაში და მგზავრებს პირბადის ტარებას ავალდებულებს თვითმფრინავებში, გემებზე, მატარებლებში, მეტროში, ავტობუსებში, ტაქსიში, ასევე სატრანსპორტო ჰაბებში, როგორიცაა აეროპორტები, ავტოსადგურები, რკინიგზისა და მეტროს სადგურები, საზღვაო პორტები.
„ჩვენს სატრანსპორტო სისტემაში პირბადის ტარების მოთხოვნა დაიცავს ამერიკელებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას პანდემიის დროს“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განკარგულებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 იანვარს დაავალა სამთავრობო უწყებებს, პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები.