რუსეთისადმი პროტესტის ნიშნად, ეუთოს წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლებმა, საპარლამენტო ასამბლეის სხდომა დატოვეს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს ვენაში გაიხსნა. დელეგაციების პროტესტს ლატვიელი დეპუტატის ემოციური გამოსვლა უძღოდა წინ. სიტყვის დასასრულს მან წარმოთქვა ცნობილი ფრაზა რუსული ხომალდის შესახებ.

საპასუხოდ, რუსეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ მას სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება აქვს და ვინც ამას არ ეთანხმება, შეუძლია, დარბაზი უკრაინულ დროშებთან ერთად დატოვოს.

შედეგად, დელეგაციების ნახევარმა შეხვედრა დატოვა.

ამის შესახებ European Pravda Belsat-ზე დაყრდნობით წერს. თავის მხრივ, რადიო თავისუფლება იუწყება, რომ სხდომა საქართველოს წარმომადგენლებმაც დატოვეს.

„სამწუხაროდ 2008 წელს, როდესაც საქართველო რუსეთის აგრსიის მსხვერპლად იქცა და უხეშად იქნა ხელყოფილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შეძლო ისეთი პასუხის გაცემა, რაც ევროპას მსგავსი ქმედებისგან დაიცავდა.

დღეს ჩვენა ერთ ხმაში და მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ევროპაში არ არის ბრუტალური სამხედრო მომქედებების ადგილი; ვერავინ უნდა შეაშინოს და დასაჯოს სახელმწიფოები თავიანთი სუვერენული უფლებისათვის, თავადვე აირჩიონ საკუთარი მომავალი. ჩვენ სრული უფლება გვაქვს, შევქმნათ ჩვენი საკუთარი მომავალი.

რუსეთი უნდა შეჩერდეს და მას არ უნდა მიეცეს უფლება, რომ ძირი გამოუთხაროს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორულ მთლიანობას და დაუკიდებლობას, ხოლო მის აგრესიულ პოლიტიკას, ჩვენი ერთიანობით და შეთანხმებული ქმედებით უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა გამოცემის ცნობით.

ამ სესიაზე ასევე მონაწილეობს ბელორუსის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ანდრეი სავინი.

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ავსტრიამ ბელორუსისა და რუსეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებს ვიზა გადასცეს, პოლონეთმა, ლიეტუვამ და უკრაინამ უარი თქვეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრებაზე.