ელჩი დეგნანი: ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს, საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირის ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ამის შესახებ კელი დეგნანმა მედიას შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ნათელია, რომ ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს, საქართველოსა და დასავლეთს შორის, საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ეს ქართველი ხალხის ნათელ არჩევანს ეწინააღმდეგება, რომლებმაც ძალიან მკაფიოდ და არაერთგზის აირჩიეს ევროპისკენ წასულიყვნენ.

ხალხს ევროპული მომავალი უნდა, ხალხს ძლიერი დემოკრატია უნდა, ხალხს წარმატებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკა უნდა, რომელიც რუსეთზე არ არის დამოკიდებული. და წინა წლების განმავლობაში საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია რუსეთისგან დაშორების მხრივ. ეს იმპულსი უნდა გაგრძელდეს. საქართველოსთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ რუსეთზე იყოს დამოკიდებული ვაჭრობაში, უსაფრთხოებაში, ნებისმიერ რამეში.

საქართველოს კარგი მეგობრები ჰყავს. ყველას გვჭირდება კარგი მეგობრები და, ვფიქრობ, ისინი, ვინც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოს ძლიერ მეგობრობას აშშ-სთან, ევროკავშირთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, მათ ქართველი ხალხისგან უნდა გაიგონონ, რომ ეს მისაღები არ არის“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მედიასთან.

მან უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„ჩემმა ქვეყანამ და სხვა ქვეყნებმაც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ვთხოვეთ ყველას, შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ უკრაინას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. დიდად დასაფასებელია ქართველი ხალხის პასუხი, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, უპასუხოს უკრაინელი ხალხის საჭიროებებს უკრაინაშიც და აქაც, საქართველოშიც.

საქართველოს მთავრობამ უპასუხა ინდუსტრიული გენერატორების გაგზავნით იმ დროს, როცა ეს უკრაინელებს ძალიან სჭირდებოდათ, უპასუხა გუშინაც კი, გაეროს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციის კენჭისყრისას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან და შეწყვიტოს ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. საქართველო დგას დასავლეთთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე, დგას უკრაინის გვერდით ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფით და ეს ძალიან დასაფასებელია. ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია, რომ ასეთ დროს უკრაინელების საჭიროებებს უპასუხოს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა მედიასთან.