სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიმართ.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
23 თებერვალს, სახლის ახალი მესაკუთრის, კერძო კრედიტორის, ლია წიკლაურის მოთხოვნით აღსრულების პოლიციამ გიგაურების ოჯახი გამოასახლა. ლაშა გიგაური და მისი ოჯახი თბილისში, არდაზიანის 2 ნომერში, 2015 წლიდან ცხოვრობდა.