შესაძლებელია თუ არა რუსებსა და უკრაინელებს შორის შერიგება და თანამშრომლობა? ამ შეკითხვით მიმართა მედიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს.
„შერიგება და თანამშრომლობა - არა, მომდევნო ას წელიწადში არა. პირველ რიგში, რუსეთი უნდა შეიცვალოს, გადაიქცეს დემოკრატიზებულ, დემილიტარიზებულ და დენუკლეარიზებულ ქვეყნად“, - განაცხადა შმიგალმა გერმანულ Fokus-თან ინტერვიუში.
მაგრამ როგორ უნდა განიარაღდეს მოსკოვი? ჰკითხა ჟურნალისტმა უკრაინის პრემიერს.
„სანქციები, რუსეთთან თანამშრომლობის უარყოფა, რუსეთის აქტივების კონფისკაცია, უკრაინის სამხედრო დახმარება. გასულმა წელმა აჩვენა, რომ სამყაროს შეუძლია, სწრაფად მიაღწიოს იმას, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა. თითქმის ყველა ტიპის მძიმე შეიარაღების მიწოდება, ისევე როგორც უკრაინელი მფრინავების მომზადება, ნიშნავს, რომ არსებობს შემდგომი ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივა“, - აღნიშნა დენის შმიგალმა.
უკრაინელების 80%-ზე მეტს სურს, რომ რუსეთი მთლიანად გაიყვანოს უკრაინიდან, მათ შორის ყირიმიდან. რამდენად აქვს „ფანჯარა“ მთავრობას რუსეთთან კომპრომისისთვის? - დენის შმიგალმა ინტერვიუს დროს ამ შეკითხვასაც უპასუხა.
„ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით. ერთადერთი კომპრომისი არის რუსული ჯარების სრული გაყვანა უკრაინიდან 1991 წლის საზღვრების შესაბამისად. რუსებმა უნდა შეწყვიტონ სროლა, შეაჩერონ თავიანთი აგრესია და დატოვონ ჩვენი ტერიტორია. მიმაჩნია, რომ საზღვრების შეცვლა ევროპისთვისაც მიუღებელი კომპრომისი იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.