მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აუცილებლად მიიღებენ მათი კოლეგების, "ხალხის ძალის" შემუშავებული ორი კანონპროექტიდან ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") ერთ-ერთს. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ.
"ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა - შეიძლება იყოს დეტალები ან ერთ ან მეორე დოკუმენტთან დაკავშირებით. ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ ან ერთზე ან მეორეზე ან ორივეზე იყოს უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე ჩვენ ან ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ... ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება, აქედან გამომდინარე ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია.
"ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.