ბიზნესის წარმომადგენლები საყოველთაო დაუმორჩილებლობის დაწყებას არ გამორიცხავენ

"ხელისუფლება პირველ თებერვლამდე სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, რეგულაციებს აღარ დავემორჩილებით და მასობრივი დაუმორჩილებლობას დავიწყებთ" - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, ტურიზმის და ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნას.

როგორც „ზამთრის კურორტების ასოციაციაში“ განმარტავენ, თუ საკოორდინაციო საბჭო დროულად არ მიიღებს გახსნის გადაწყვეტილებას, ეს ბიზნესი ვეღარ გადარჩება, დაინგრევა იქ განთავსებული შენობა-ნაგებობები და ბიზნესი ვეღარ შეძლებს როგორც კომუნალური გადასახადების, ისე საბანკო ვალდებულებების გადახდას.

სასტუმროების და რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მზად არიან გააგრძელონ მთავრობასთან კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებები, თუმცა საჭიროა, ხელისუფლებამ მოკლე ვადებში რეგულაციების დაცვით გახსნას ეს სფეროც.

აქციას შეუერთდნენ კვების ობიექტების მფლობელებიც. დღესვე პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 24 საათით მიტანის სერვისი შეაჩერა.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, ეს არის ერთგვარი მესიჯი ხელისუფლებისადმი, რომ ბიზნესის გაჩერებით არა მხოლოდ კერძო სექტორი, არამედ მთლიანად სახელმწიფო ზარალობს.

„ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ, დღეს ქვეყანა არის გაჩერებული. უმარტივესია მოთხოვნა – მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა. 250 000 ადამიანს, რომელიც ამ სფეროში იყო დასაქმებული, მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს. ეს ხალხი ვინც დღეს შეიკრიბა ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. გვინდა, სწორი მესიჯი მივაწოდოთ ხელისუფლებას. ბოიკოტს აცხადებს 206 კვების ობიექტი, რათა ხელისუფლებას მივაწოდოთ მესიჯი, რომ ამ რეალობაში ვიქნებით, თუ არ მოხდება გახსნა და ლიკვიდირებული იქნება ეს სფერო. ჩვენ არ ვემუქრებით არავის, არ ვმოქმედებთ ვიღაცის ჯინაზე. ეს ბოიკოტი არის ხელისუფლების დასანახად. რამოდენიმე დღეში თუ არ ვიმუშავებთ, ეს იქნება რეალობა.

არის სასტუმროები, რომელთაც შეუძლიათ სტუმრის მიღება, მათ აქვთ ფიტნეს დარბაზები და რესტორნები. მათი ფუნქციონირება შეიძლება. რა განსხვავებაა ამათ და რესტორანს შორის, თუ ამას ლოგიკურად ვინმე ამიხსნის. გასაგები იქნება ჩემთვის. გამყრელიძეს და იმნაძის ლოგიკას ვერ ვგებულობთ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.