ელჩი დეგნანი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე: დასანანია, რომ ნაჩქარევად შემუშავდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა, როდესაც ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ჰკითხეს.

„ეროვნული ბანკის სანდოობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკში არის ასეთი გუნდი, რომელმაც ასე კარგად მართა ბანკი ამ პერიოდის განმავლობაში.

ამაზე მიანიშნებს არსებული სტატისტიკა, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, გუნდი, რომელმაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც იყო კოვიდპანდემია, ასევე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იყო რუსული ფულის შემოდინება - ყველა ამ გამოწვევას ძალიან კარგად გაართვა თავი ეროვნულმა ბანკმა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის და დასანანია, რომ აღნიშნული კანონი ნაჩქარევად შემუშავდა და ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - აღნიშნა ელჩმა მედიასთან.

ელჩი ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებას - „7 წელი საქართველოს ეროვნული ბანკის საუკუნოვანი ისტორიიდან„ ესწრებოდა.

კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს, რომელიც არის პროფესიონალი და მოქმედებდა დამოუკიდებლად, იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესის გათვალისწინებით.  

„დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალია ბატონი კობა და როგორ დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართავდა ბანკს 7 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც საქართველოში მიიღწა ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და მიღებული იყო ხანგრძლივ პერსპექტივაში მოქმედები გადაწყვეტილებები. ასევე, იყო ისეთი ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობაზე, ეს ყველაფერი იყო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა ამაყობდნენ, რომ ჰყავდათ ასეთი გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა, - განაცხადა ელჩმა მედიასთან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება. მანამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება შემოდის და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, სწორედ მას ეკისრება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესზე  დაკვირვების შედეგად გადაწყვეტენ, დაძლიონ თუ არა პრეზიდენტის ვეტო.