საფრანგეთის ელჩი: თუ მეკითხებით, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი უფრო მეტად წარმოდგენილი კავკასიაში, მე გპასუხობთ - დიახ

საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე, დიმიტრი ამილახვარის დიალოგის ფორმატზე, ქართულ-ფრანგულ სამხედრო თანამშრომლობაზე, რეგიონში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რუსეთის ფაქტორსა და „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე - საქართველოს სასარგებლოდ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე Europetime-ს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ესაუბრა.

_ბატონო ელჩო, მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით, ასევე რომ გვითხრათ, რას მოიცავს დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის ფორმატი და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ფორმატის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობებში?

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთივე მჭიდროა, როგორც არასდროს ყოფილა.თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაპირებთ აღვნიშნოთ 100 წლის იუბილე იმ დღისა, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და შესთავაზა მას თავშესაფარი საბჭოთა იმპერიის შეჭრის შემდეგ, ამის ლოგიკური დასტურია.

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული დიალოგი ატარებს ცნობილი ქართველი თავადის, დიმიტრი ამილახვარის სახელს, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი უდიდესი გმირიც იყო. დიალოგის ამ განსაკუთრებული ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს (თებერვალი, 2019 წ.), ხოლო ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და დავით ზალკალიანმა პარიზში, 2019 წლის დეკემბერში.

დიალოგი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინვესტიციების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დავგეგმეთ ამ ბოლო შეხვედრაზე, უკვე განვახორციელეთ. ახლა ვაპირებთ ახალი შეხვედრის ჩანიშვნას, სადაც ვიმსჯელებთ სამომავლო პროექტებზე, ისევე როგორც არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე.

_რას მოიცავს არსებული ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობა და როგორ ეხმარება საფრანგეთი საქართველოს თავდაცვიანურობის გაზრდის კუთხით?

ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები გადიან ერთობლივ წვრთნებს, ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს და შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებში ერთობლივი მონაწილეობა. ეს აძლიერებს როგორც საქართველოს შესაძლებლობებს, ასევე ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ასე უკეთ შევძლებთ შესაძლო მომავალი საფრთხეების წინაშე ერთმანეთის მხარდამხარ დგომას.

ამგვარად, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, ხოლო საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ფრანგული ენის გაკვეთილები ჩავატაროთ. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები ერთად მოქმედებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიას წაარმოადგენს ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ჯარების ერთად განთავსების და რთულ პირობებში მუშაობის და ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა.

ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. ამის მაგალითია სამთო ქვეითთა ტრენინგი. 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შექმნიდან მოყოლებული ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ. გასულ სექტემბერს, ერთობლივი სწავლებების დროს, ფრანგმა და ქართველმა ინსტრუქტორებმა ერთობლივად მოამზადეს საფრანგეთისა და საქართველოს ჯარები; ერთ-ერთი ეპიზოდი გულისხმობდა მყინვარწვერის დალაშქვრას, რაშიც მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა.

მოცემული სწავლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მომავალში კიდევ ჩავატაროთ მსგავსი ერთობლივი ღონისძიებები. კიდევ ერთი სფერო, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საჰაერო თავდაცვაა. აქ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ნატოსთან თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის სეგმენტის დაფარვას საქართველოში გამართულ ნატოს წვრთნებში მონაწილების დროს. სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს გაჩაღებულმა კონფლიქტმა ნათლად დაგვანახა ძლიერი და დამოუკიდებელი საჰაერო თავდაცვის სისტემის აუცილებლობა.

_როგორ შეაფასებდით რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას და თურქეთის და რუსეთის როლს ამ პროცესებში?

ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიული კონკურენციის ადგილად ქცევა. ეს საფრთხეს უქმნის თითოეული ქართველის მნიშვნელოვან ძალისხმევას, გახდეს უფრო მეტად ევროპელი. ამიტომ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, გარდა იმისა, რომ საშინელი ომია, ასევე შეშფოთების საგანია მათთვის, ვინც გულგრილი არ არის საქართველოს ბედის მიმართ. ბევრად უკეთესი იქნება, თუკი რეფორმისა და თანამშრომლობის პრინციპები წარმართავს საქართველოს ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ეს არის ის, რაც საქართველოს მეგობრებს სურთ საქართველოსთვის და რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს სურვილსაც წარმოადგენს.

ასეთი პრინციპები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული კურსის წარმატებისთვის. მე დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ მტკიცე, მდგრადი და შეუპოვარი სტრატეგიით, რომელსაც მიჰყვება საქართველოს სათავეში მყოფი ყველა მთავრობა ქვეყნის ევროპასთან და დასავლეთთან, ასევე ლიბერალურ დემოკრატიასთან დასაახლოებლად, რომელიც ძლიერ და კანონმორჩილ ინსტიტუციებს ემყარება. და მე მჯერა, რომ ეს არის ლოგიკური განვითარება იმ ღრმა კულტურული და ისტორიული სიახლოვისა, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს.

წარმატების მისაღწევად აუცილებელია ეს სტრატეგია ორიენტირებული იყოს რეფორმებსა და თანამშრომლობაზე, ხოლო გარე სტრატეგიული კონკურენცია შეიძლება შემაფერხებელი აღმოჩნდეს ამ გზაზე. ასეთი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდება, თუ ის ქვეყნის, კერძოდ, მისი კანონების, მისი ბიზნესის კულტურის, უფრო ზოგადად კი, ინკლუზიური საზოგადოებისადმი მისი მიდგომის ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. საფრანგეთი, ევროკავშირი, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, ისევე როგორც აშშ და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სტრატეგიის წარმატებაში.

_ამ ყველაფრის ფონზე, როგორც განვითარდა მოვლენები კავკასიის რეგიონში, ხომ არ მიიჩნევთ, რომ სასურველი იქნებოდა უფრო მეტად და აქტიურად იყოს დასავლეთი რეგიონში წარმოდგენილი და მკაფიო პოზიცია ჰქონდეს თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით?

ამ კითხვაზე მე ხაზგასმით ვპასუხობ დიახ! აუცილებელია, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთი უფრო ძლიერ იყოს წარმოდგენილი. ერთსაც დავამატებდი, რომ ეს არის სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის და არავის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, განვითარების რომელ გზას აირჩევს და არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს საქართველოს და საფრანგეთს ძალიან ინტენსიური პარტნიორობის ჩამოყალიბებაში.

აქვე უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ-ის საქართველოში ჩართულობის ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია და ითვალისწინებს ძალიან მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგებას, მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, აგრეთვე ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, რეგულარულად ახორციელებს შავი ზღვის წყლებში თავისი საზღვაო ძალების განთავსებას რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ასე რომ, ვერავინ შეიტანს ეჭვს რეგიონის მიმართ ჩვენი ვალდებულებების სიმტკიცეში.

რუსეთთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ დავამატო - ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ძლიერი არიან საგარეო პოლიტიკაში, როდესაც ისინი ახერხებენ მკაფიო გზავნილებზე შეთანხმებას, და ვფიქრობ, მეტწილად ასე ხდება, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ჩვენ ყველა რეგულარულად და ნათლად გამოვხატავთ რეგიონში დემოკრატიის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას, ისევე როგორც რუსეთში კანონის უზენაესობის მიმართ მხარდაჭერას.

არაერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ბელორუსიაში დემოკრატიისკენ მიმავალი პროგრესისადმი. ცალსახად გამოვთქვით ჩვენი მოლოდინები ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით. კითხვა ასევე მდგომარეობს იმაში, რა კონკრეტული მიზნების დასახვა შეგვიძლია ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე და როგორ შეგვიძლია მათი განხორციელება. ჩემი აზრით, პოლიტიკა არ არის უბრალოდ უარის თქმა ნებისმიერი სახის კონტაქტზე, რათა გამოხატო შენი უკმაყოფილება და შემდეგ ინანო, თუკი არაფერი შეიცვლება.

_საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა, უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირის გაფართოების საკითხს? მოგეხსენებათ, საქართველო აპირებს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, როგორ ფიქრობთ, მოახდენს თუ არა გავლენას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გადაწყვეტილებაზე?

ევროკავშირს არ ჰყავს ერთი ლიდერი და ეს მისი ერთ-ერთი დადებითი მხარეა. თუმცა, საფრანგეთში ვცდილობთ, ვიყოთ ხმა, რომელიც ეხმარება მას გადაწყვეტილებების ფორმირებაში მომავლისკენ მიმავალ გზაზე. რაც შეეხება დასავლეთ ბალკანეთის ფარგლებს მიღმა სამომავლო გაფართოების შესაძლებლობას, ეს არის საკითხი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში უნდა იყოს განხილული. თუმცა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულედეს განხილვა, ქვეყანას ყოველთვის შეუძლია, ისწრაფოს საკუთარი თავის, სახელმწიფოს და საზოგადოების ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გადაქცევისკენ და ამაში ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს. საბოლოო მიზანია, არა ამა თუ იმ კავშირის წევრობა, არამედ მენტალურად ევროპელ ერად ჩამოყალიბება. საქართველოს დახმარება ამ მიზნის მიღწევაში, რომელიც დარწმუნებული ვართ, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნებაა, არის ყველაფრის არსი, რასაც ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ.

_ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. განაჩენი ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; ის არის პასუხისმგებელი ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე და ასევე, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დიდ წარმატებაა, და როგორც საფრანგეთის ყოფილი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოებში, მე ვულოცავ იურისტთა გუნდებს, რომლებიც დაეხმარნენ სასამართლოს ამ საკითხის სრულყოფილად გამოძიებაში, ვაფასებ რა იმ გაწეული სამუშაოს მოცულობას, რაც შესრულდა ამ შედეგის მისაღწევად.

თავიდან ბოლომდე წავიკითხე განაჩენი და ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები, რაც პრესის და ოპერატიული ნაწილის წაკითხვისას მივიღე. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია თითქმის სრულად იქნა მიღებული, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დარჩა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი, რომელიც სასამართლომ დროებით გადადო.

ახლა მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მასშტაბების განსაზღვრა სასამართლოს მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვს ამის უფლებამოსილება. განაჩენის აღსრულება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც.

ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს ახალი დინამიკა ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების გზაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ ამ კონფლიქტის მოგვარების გზა და რომ ის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მოხსნილია.