ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტები გააპროტესტა.
„არა რუსულ კანონს", „არა პუტინის კანონს", „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი" - ამ შინაარსის პლაკატებით ჟურნალისტები ბიუროს სხდომათა დარბაზთან შეკრიბნენ და მმართველ გუნდს მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი.
მათი თქმით, ამერიკაში კანონი ეხებათ ლობისტებს, საქართველოში კი ჟურნალისტების წინააღმდეგ არის მიმართული და მტრებად ცხადდებიან საქართველოს პარტნიორები, რომლებიც მედიას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტს აფინანსებენ.
შეგახსენებთ, ონლაინ მედიის ნაწილმა პარლამენტში აქცია გასულ კვირასაც გამართა.
ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა.