საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განცხადეა, რომ მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. ელჩის განცხადებით, იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან მას „ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი“ ჰქონდა.
დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა.
„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს. დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო ეთანხმება.
ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ წარმოვადგინეთ ევროკავშირის პოზიცია, რომელსაც 27 წევრი ქვეყანა დაეთანხმა. იუსტიციის მინისტრმა ინფორმაცია მოგვაწოდა იმის შესახებ თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა, რათა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და პატიმრის, დაცული იყოს“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.