აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მისი ვიზიტის მიზანია, დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელი შეუწყოს კიევისადმი აშშ-ის ეკონომიკურ დახმარებას.
იელენი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკს და ოფიციალურ პირებს შეხვდა.
„ამერიკა დგას უკრაიის გვერდით, სანამ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ჯანეტ იელენი მიესალმა ზელენსკის ქმედებებს მმართველობის გასაძლიერებლად და კორუფციის გადასაჭრელად - მოქმედებები, რომლებიც საჭიროა აშშ-ის ეკონომიკური დახმარების პასუხისმგებლობით ხარჯვის უზრუნველსაყოფად.
„შეერთებული შტატები ამ ომის პირველი დღეებიდან მტკიცედ უჭერდა მხარს არამხოლოდ იარაღით, არამედ ფინანსურ ფრონტზე”, - დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე. მისი შეფასებით, აუცილებელია სანქციების კიდევ უფრო გაძლიერება, რომ რუსეთს წაერთვას ომის დაფინანსების შესაძლებლობა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია, რათა ის უკრაინის აღდგენას მოხმარდეს.