„მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხი პარლამენტმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა ვიდრე სარგებელს მოიტანდა“, - Europetime-სთან საუბრისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა, სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს და სჯობს მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული, ვიდრე ცოტა და მეტი ხელფასი ჰქონდეს.
„ვეთანხმები რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ ამ სიტუაციაში ამ რეალობაში, მითუმეტეს ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800 ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული 1000 ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი.
რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი", - განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი - 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა.
1999 წლის ბრძანებულებით, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულს მხოლოდ 20 ლარი გადაუხადოს. შრომის კოდექსით გათვალისწინებუბული სამუშაო საათების სრული რაოდენობის მიხედვით, საქართველოში მინიმალური ხელფასი საათში 0.13 თეთრი გამოდის.
გასულ წლებში პარლამენტმა მინიმალური ხელფასის 320 ლარამდე გაზრდის შესახებ პროფკავშირების ინიცირებული კანონპროექტი არ დაამტკიცა. მოგვიანებით კი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტის მიღებაზე განაცხადა უარი, რომელიც მინიმალური ხელფასის 500 ლარით განსაზღვრას მოითხოვდა.
სტატია ამ თემაზე: მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა.