გერმანიამ და ყირგიზეთმა ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. გერმანული კომპანია Rhenus SE & Co. KG ყირგიზეთის რკინიგზისა და მისი ლოგისტიკური ცენტრების ეფექტიანად გამოყენებას ხელს შეუწყობს.
დოკუმენტს ყირგიზეთ-გერმანიის ბიზნეს საბჭოს მეოთხე სესიაზე მოეწერა ხელი. ღონისძიებაში ორივე ქვეყნის ბიზნეს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ ადილბეკ კასიმალიევმა აღნიშნა, რომ გერმანული ინვესტიციები, ტექნოლოგიები და ინოვაციები ხელს შეუწყობს ინდუსტრიების მოდერნიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ექსპორტის გაზრდას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მწვანე ენერგიას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და ფინანსურ სექტორს, ასევე, გარემოსდაცვით და კლიმატურ საკითხებს.