გერმანიამ და კანადამ კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

გერმანია და კანადა ეკონომიკურ თანამშრომლობას ნედლეულის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერით გააძლიერებენ. ბერლინში კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მათ სურთ, გააძლიერონ სავაჭრო კავშირები, თანამშრომლობა ახალ ტექნოლოგიებსა და თავდაცვის ინდუსტრიაში.


„დღეს ჩვენი მინისტრები ხელს აწერენ ნედლეულის სექტორში თანამშრომლობის განზრახვის ერთობლივ დეკლარაციას. ეს არის თანამშრომლობა, რომელსაც მე ძალიან მივესალმები და სრულად ვუჭერ მხარს. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისა და უსაფრთხოებისკენ,“ - განაცხადა მერცმა.


თავის მხრივ, კანადის პრემიერ-მინისტრმა კარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა და გერმანია ძირითად სფეროებში აძლიერებენ თანამშრომლობას, რათა მზარდი გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს, სტაბილურობას ხელი შეუწყონ. კარნიმ განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში კანადის ძირითადი მინერალების სფერო (ნიკელი და კობალტი) განუვითარებელი იყო, ხოლო ჩინეთი და რუსეთი გლობალურ ბაზარზე დომინირებდნენ. კრიტიკული მინერალები მნიშვნელოვანია ახალი ენერგეტიკული და თავდაცვის ტექნოლოგიებისთვის.


მანვე აღნიშნა, რომ გერმანია ევროპაში ლიდერი გახდა, რადგან ის ჩინეთისა და რუსეთისგან დივერსიფიკაციისკენ ისწრაფვის. „კანადას შეუძლია,  ამ დივერსიფიკაციის დაჩქარებაში გერმანიისა და ევროპისთვის დიდი როლი შეასრულოს,“ - განაცხადა კარნიმ.


გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკაა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიტიკული მინერალების იმპორტზე. გერმანიასა და კანადას შორის შეთანხმება ხაზს უსვამს კრიტიკული მინერალების სტრატეგიულ მნიშვნელობას ორივე ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მასში ხაზგასმულია, რომ ორი მთავრობა მხარს დაუჭერს ერთობლივ პროექტებს ამ სექტორებში და ხელს შეუწყობს პარტნიორობას კანადურ და გერმანულ კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის.