NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ალიანსში გაწევრიანებაზე „უმაღლესი პრიორიტეტია“.
შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ახლა არის დრო, რომ მოვახდინოთ რატიფიცირება და სრულად მივესალმოთ როგორც ფინეთს, ასევე შვედეთს, როგორც წევრებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ფინეთის პრემიერ მინისტრთან სანა მარინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰელსინკიში.
ორივე ქვეყანამ გაწევრიანებაზე განაცხადი გასული წლის მაისში გააკეთა, ივნისში კი ყველა მოკავშირე დათანხმდა ორივე ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად მიწვევას.
ჯერჯერობით, 30 მოკავშირიდან 28-მა მოახდინა ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება. ეს ჯერ მხოლოდ უნგრეთსა და თურქეთს არ გაუკეთებიათ. სტოლტენბერგის თქმით, უნგრეთის პარლამენტმა განმარტა, რომ განხილვას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თურქეთმა გამოთქვა გარკვეული შეშფოთება ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ძირითადად შვედეთთან დაკავშირებით.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე 9 მარტს განახლდება.