მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. სტატისტიკას Bloomberg-ი ავრცელებს.
Bloomberg-ი საკუთარ ონლაინსტატისტიკის გვერდს ყოველდღიურ რეჟიმში ანახლებს.
ყველაზე ბევრი დოზა აშშ-ში გაკეთდა, 30 მილიონი მოსახლე უკვე აიცრა. იმუნიზაციის მაჩვენებლით მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც 23 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა აცრა, ხოლო მესამეზე ევროკავშირია, სადაც 12 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.
პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინა ისრაელში გაიკეთეს. 100 მოსახლეზე საშუალოდ ვაქცინა 51-მა ადამიანმა გაიკეთა.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს. მსოფლიოში დღეში საშუალოდ 4.3 მილიონამდე ადამიანი იცრება.