აშშ რუსეთის პარტნიორ ქვეყნებს სანქციების გამო ზარალს აუნაზღაურებს. ვინაიდან რეგიონის ყველა ქვეყანა ასე თუ ისე დამოკიდებულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები მათ ეკონომიკებსაც შეეხო. შეერთებულ შტატებს ეს ესმის და ასეთ ქვეყნებს კომპენსაციას ჰპირდება.
შესაბამისი განცხადება ამერიკის შერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანმა ასტანაში ვიზიტისას გააკეთა.
„ქვეყნებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს, ახალ მარშრუტებს და საექსპორტო ბაზრებს, დაეხმარებიან, რომ არ დაეყრდნონ რუსეთს. მე ვთქვი, რომ დამატებით 25 მილიონ დოლარს გამოვყოფთ, შედეგები კარგად არის ჩვენთვის ცნობილი“, - განაცხადა ბლინკენმა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ, შეამცირონ თავიანთი სამუშაო რუსეთში, მიიღებენ ახალ შესაძლებლობებს.
28 თებერვალს ენტონი ბლინკენი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა და 25 მილიარდი დოლარის ოდენობით ახალი დახმარების შესახებ განაცხადა. ეს დახმარება მიზნად ისახავს რეგიონში სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთის შემდეგ ეწვია უზბეკეთს, რათა გააძლიეროს პარტნიორობა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე.
პირველ მარტს ბლინკენი უკვე ნიუ-დელიში, G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ეს სამიტი ფოკუსირებული იქნება მულტილატერალიზმის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სურსათისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, გლობალური ჯანმრთელობის, ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა საკითხებზე.
„ბლინკენი შეხვდება ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენი ძლიერი პარტნიორობის დასადასტურებლად“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
France24-ის ცნობით, ბლინკენი ტაშკენტში ვიზიტისას შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტს შავქათ მირზიოევს, რომელმაც ეკონომიკური რეფორმების პირობა დადო.
ამასთან, გამოცემა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისს ციტირებს და წერს, რომ ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს აშშ-ის ინვესტიციების გაზრდაზე ესაუბრა.
„ბლინკენმა ასევე მოუწოდა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის დაცვისკენ“, - განაცხადა პრაისმა.
ტაშკენტში ვიზიტისას ბლინკენმა დაათვალიერა უნივერსიტეტი, სადაც აშშ-ის დაფინანსებით ინგლისურ ენაზე სწავლება მიმდინარეობს - ეს არის ვაშინგტონის მცდელობის ნაწილი ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაფართოებისთვის.
ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერით უზბეკეთში ინგლისური ენის 10,000 მასწავლებელი მომზადდა.
ენტონი ბლინკენის ვიზიტზე წერს AP. მისი მიხედვით, ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აფრთხილებს, რომ რუსეთის, როგორც პარტნიორის ღირებულება მძიმედ დაზიანდა უკრაინის წინააღმდეგ ერთწლიანი ომის გამო.
- ყაზახეთში ცენტრალური აზიის უმაღლეს დიპლომატებთან შეხვედრების დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით მათ, ვინც ტრადიციულად მოსკოვის ორბიტაზე იმყოფებოდა, არ შეუძლია, იგნორირება გაუკეთოს რუსეთის აგრესიით მომდინარე საფრთხეებს არამხოლოდ მათ ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგისა და გლობალური ეკონომიკის მიმართ.
ყველა თავის გამოსვლაში ბლინკენმა ხაზი გაუსვა „სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის“ პატივისცემის მნიშვნელობას.
Associated Press-ი წერს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტის პოზიცია უკრაინის მიმართ - არც რუსეთის შეჭრას უჭერდნენ მხარს და არც აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან ომის დაგმობას.
„მას შემდეგ რაც გახდა რა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ყაზახეთი 1991 წლის დეკემბერში, შეერთებული შტატები ყაზახეთისა და რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მტკიცე ერთგულია“, - განაცხადა ბლინკენმა ასტანაში, ე.წ. C5+1 ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც აშშ-სა და ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთისგან შედგება.
„ჩვენი დღევანდელი დისკუსიების დროს, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ყაზახეთისადმი, ისევე როგორც ყველა ერისადმი, თავისუფლად განსაზღვრონ თავისი მომავალი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ერთ წელს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტილეუბერდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცენტრალური აზიის ხუთმა ქვეყანამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, რომლებიც ტრადიციულად, კრემლის გავლენის სფეროს ნაწილად განიხილებიან, უკრაინაში რუსეთის შეჭრას საჯაროდ არ დაუჭირა მხარი. ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სამჯერ ესაუბრა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს, რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ და გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
თუმცა ცენტრალური აზიის ხუთივე რესპუბლიკამ, ინდოეთთან ერთად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრაში, რომელმაც რუსეთის შეჭრა დაგმო, თავი შეიკავეს.
„თუკი ჩვენ დავუშვებთ (ამ პრინციპების) დაუსჯელად დარღვევას, ეს გვიხსნის პერსპექტივას, რომ თავად რუსეთი გააგრძელებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას, თუ სხვა ქვეყნები ისწავლიან არასწორ გაკვეთილს“, - თქვა ბლინკენმა.
„ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის ერთად დადგომა და თქმა: არა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით”, - აღნიშნა ბლინკენმა.