გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი 27 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.
„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანიდან ამ დრომდე კრიტიკულია. შემოვიდა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით გულმკერდისა და მუცლის არეში, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ურთულესი ქირურგიული ოპერაციები. პოსტოპერაციულად მძიმე მდგომარეობით მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება მძიმე, პაციენტს უტარდება ინტენსიური თერაპია“, - განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ზურაბ ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით შეიყვანეს, მასთან ერთად დაშავებული მეორე პირი კი - 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება თავის არეში აღენიშნებოდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით მიმდინარეობს.