NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ალიანსის სამიტზე დასასწრებად მიიწვია.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლიეტუვის ეროვნულ მაუწყებელ LRT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„მტკიცედ მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის, მხარდაჭერის ძლიერი ნიშანი, რომელსაც მოკავშირეები უკრაინას უგზავნიან და იმედი მაქვს, რომ ზელენსკი შეძლებს სამიტზე დასწრებას. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ჯერ კიდევ ომშია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება სამიტის მოლოდინებს, სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ახალ ნაბიჯებსა და ზომებზე, უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერასა და ალიანსთან მისი პარტნიორობის გაფართოებაზე.
ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.
ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა პეტრო ბეშტამ 22 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, NATO-ს სამიტს ვილნიუსში პირადად დაესწროს.