პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტი ჩინეთსა და ბელორუსს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ძირითადი პრინციპებს შეეხება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება.
ლუკაშენკომ სი ძინპინს განუცხადა, რომ „დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს ძალიან რთულ დროს, რომელიც მოითხოვს ახალ, არასტანდარტულ მიდგომებს და პასუხისმგებლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“.
უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ამ გზით ბელორუსის მმართველმა მხარი დაუჭირა პეკინის ინიციატივას – უკრაინაში ომის დარეგულირების მიზნით „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 თებერვალს გამოაქვეყნა.
გარდა ამისა, ლუკაშენკომ მოუწოდა ჩინურ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მანქანათმშენებლობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საქმეში.
კერძოდ, მან შესთავაზა „საერთო საწარმოების დაარსება მანქანათმშენებლობის, ელექტრო ტრანსპორტის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილების წარმოებაში როგორც ბელორუსში, ასევე ჩინეთში“.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი პროდუქცია ორმაგი დანიშნულებისაა და შეიძლება, თავდაცვის ინდუსტრიაშიც გამოიყენებოდეს.
ლუკაშენკო 28 თებერვლიდან 2 მარტამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.