საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ირენ ფელინთან მშიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქალების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ასევე, ხაზი გაესვა პოლიტიკაში ქალი ლიდერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
„შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდიანე ომს და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება.
შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხების განხილვისას აღინიშნა, რომ ქალთა გაძლიერება განათლების დონის ამაღლებით უნდა განხორციელდეს.
პრეზიდენტმა სტუმარი თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც ივლისში ჩატარდება. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფერენციაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.