Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის ერთობლივი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უარს ეუბნება ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მიწერილ ერთობლივ წერილზე, რომელშიც ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ.
Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა, წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას უთანაბრდებოდეს და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“.
„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა.
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი ამბობს, რომ „პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, სადაც განკურნებადი დაავადებები ტრაგიკულად ფატალური ხდება“.
„მათ უნდა დაიწყონ ისეთი ზომების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში დარჩენისთვის ქმედუუნაროდ ითვლება“, - აცხადებს ჰიუ უილიამსონი.