ულტრამემარჯვენე ჯგუფის „შამანს“ ტრამპის იმპიჩმენტზე ჩვენების მიცემა სურს

ულტრამემარჯვენე ჯგუფის „შამანს“ ტრამპის იმპიჩმენტზე ჩვენების მიცემა სურს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

მედიის თქმით, ჯეიკობ ენტონი ჩენსლი, რომელსაც მისივე წრეში, „შამანად“ მოიხსენიებენ, ერთ-ერთი იყო, ვინც კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეობდა.

ჩენსლის ადვოკატის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოატყუა და კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ ამნისტიით არ გაათავისუფლა. მისი თქმით, ფაქტი, რომ ტრამპმა „დააღალატა“ ჩენსლი, მასზე საშინლად იმოქმედა.

ადვოკატის თქმით მნიშვნელოვანია, რომ სენატორებმა მოისმინონ იმ კაცის ხმა, რომელიც დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში შესაჭრელად „წააქეზა”.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.