მწერალთა სახლის განცხადებით, დაუშვებელია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და მოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება.
„ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა მწერალთა სახლში საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საბოლოოდ დააშორებს ქვეყანას მის მთავარ მიზანს.
საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ უკვე ისტორიად ქცეული მასალა ასე ცხადად დაუკავშირდებოდა დღევანდელობას. საგულისხმოა, რომ ჩვენი მუზეუმი, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო მრავალი პროექტი, სწორედ აშშ-ის საელჩოს გრანტითაა შექმნილი. მივიჩნევთ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მიერ აღიარებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება.