საუდის არაბეთის მთავრობამ უკრაინას 168 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.
„ორი თვითმფრინავი, რომლებიც 168 ტონა ტვირთით იყო დატვირთული, პოლონეთის ჟეზოვის აეროპორტში, უკრაინის საზღვრის მახლობლად დაეშვა“, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ SPA იუწყება.
დახმარება თავშესაფრის მასალებს, ელექტრო გენერატორებს და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს.
საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი კიევს 28 თებერვალს ეწვია, რომლის დროსაც უკრაინისთვის დამატებით 400 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
საუდის არაბეთმა უფრო ადრე 10 მილიონი დოლარის ღირებულების სასწრაფო სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინიდან ლტოლვილებს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, პოლონეთის მთავრობასთან და გაეროს სააგენტოებთან კოორდინაციით.