უკრაინელი მფრინავები აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ჩავიდნენ - CNN

აშშ მუშაობს უკრაინელ მფრინავებთან შეერთებულ შტატებში, რათა დადგინდეს, რამდენი დრო დასჭირდება მათ მომზადებას F-16 გამანადგურებლების სამართავად, განუცხადა CNN-ს ამ საკითხზე ინფორმირებული სამმა წყარომ.

ორი უკრაინელი მფრინავი ამჟამად იმყოფება აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, სადაც მათ უნარებს აფასებენ.

ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან ერთად მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები ტუსონში, არიზონაში იმყოფებოდნენ.

„ეს ღონისძიება საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავეხმაროთ უკრაინელ პილოტებს, გახდნენ უფრო ეფექტიანები და უკეთ ვურჩიოთ მათ, თუ როგორ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ამ ღონისძიების განმავლობაში პილოტები არ იფრენენ რაიმე პლატფორმაზე, მაგრამ ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში“, - აცხადებს აშშ-ის ოფიციალური პირი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რომ F-16-ის მართვის შესწავლის მიზნით წვრთნები მიმდინარეობს, CNN ვარაუდობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების საკითხი სრულად არ დახურა.