თბილისი აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლებს

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის ეროვნული კრება, ერთპალატიანი პარლამენტი) საერთაშორისო და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სამად სეიდოვი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სევინჯ ფატალიევა, წევრები ნიგარ არპადარაი და ნასიბ მაჰამალიევი 5-დან 7 მარტს თბილისს ეწვევიან. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ისინი სამმხრივ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

კერძოდ, თბილისი აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პარლამენტების საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტების სხდომას უმასპინძლებს.

მილი მეჯლისის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობა, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება და სხვა საკითხები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დეპუტატების არაერთი შეხვედრა საქართველოს პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.