ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მერიის სამსახურის ყოფილ უფროსს და კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ანალოგიური ზომა შეეხო ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტსაც.

დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს.

პროკურატურამ ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი დღეს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს.

 პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირსაც -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.