ტრამპის სიძე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის დამსახურებულმა პროფესორმა, ალან დერშოვიცმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და უფროსი მრჩეველი, ჯარედ კუშნერი, ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის სამშვიდობო შეთანხმებების დადებაში შეტანილი წვლილისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯარედ კუშნერთან ერთად ნობელის პრემიაზე ავი ბერკოვიციც იყო წარდგენილი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დესპანის როლს ასრულებდა.

ჯარედ კუშნერმა და ავი ბერკოვიცმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისრაელსა და ოთხ არაბულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში და რომელიც ცნობილია "აბრაამის შეთანხმებების" სახელით.