„თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით - ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს.
„დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს; ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით - ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ.
კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ვიცე კანცლერს, ქალაქის მერს, ორგანიზატორებს ჩვენი აქ მოწვევისათვის, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უპრეცედენტო დინამიკა აქვს, რისი ნათელი დადასტურებაცაა დღეს ჩვენი მასპინძლობა ამ ღონისძიებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ქართველები არამხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა, ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე - მიშელ მუსხელიშვილი იყო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.