აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმის განვითარებაში ეხმარება

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს მთავრობას კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაკავებლად ვაქცინაციის ეროვნული გეგმის განვითარებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბაკი ავრცელებს.

“აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით სამინისტრომ შეძლო სწრაფად მოეხდინა ექსპერტების მობილიზება და განევითარებინა სრულყოფილი გეგმა, რომელიც დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში 2021 წლის ბოლომდე საქართველოს 1.7 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციით უზრუნველსაყოფად,” — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

„კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა მნიშვნელოვანი პირობაა კოვიდ-19-ის ვაქცინაზე საქართველოს ხელმისაწვდომობისთვის და ვაქცინაციის შეუფერხებელი და წარმატებული განხორციელებისთვის, გეგმის წყალობით საქართველო კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობისგან მოსახლეობის დაცვას და ეკონომიკის სრულად გახსნას შეძლებს.“ — განაცხადა შეინ როზენტალმა, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ 21 იანვარს დამტკიცებული გეგმით შესაძლებელი გახდება ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმატებული შემოტანა, ვაქცინაციის განხორციელება და ზედამხედველობა, მას შემდეგ რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. გეგმა მოიცავს ვაქცინაციის სამართლებრივ, მარეგულირებელ და ინსტიტუციურ ასპექტებს, ცივ ჯაჭვსა და ლოგისტიკურ მოთხოვნებს და განხორციელების პროცესში მოსახლეობის მიზნობრივი პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევის პრინციპებს.

ADB-მ ფუნდამენტური როლი შეასრულა გეგმის განვითარებაში კოორდინირებული მოქმედებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, გაეროს ბავშვთა ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და განვითარების სხვა პარტნიორებთან ერთად.

ADB-ის აღნიშნული პროექტი განავრცობს ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური და ტექნიკური დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც საქართველოს დაეხმარა კოვიდ-19-ით მიყენებული ზიანის შესამცირებლად. გასული წლის დეკემბერში ADB-მ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა ADB-ის აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის დაფინანსებით და იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით, პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგისა და მომსახურების მისაწოდებლად.

გასული წლის მაისსა და ოქტომბერში, ბანკმა დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარისა და 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხები, დაავადების გავრცელების შესაკავებლად, მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და საქართველოს საჯარო ფინანსური მართვისა და სოციალური დაცვის სისტემების გასაძლიერებლად. გასული წლის აგვისტოში ADB-მ ასევე გამოყო გრანტი PCR ტესტის დანადგარის შესაძენად რათა გაუმჯობესდეს ვირუსის ტესტირება, აღმოჩენა და გავრცელების შეკავება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი", - ნათქვამია განაცახებაში.