ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება - კობახიძე

ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა მივულოცო ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევა. ლევანს ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ და ვიცით მისი პიროვნული თვისებები. რა თქმა უნდა, მისი პიროვნული თვისებები იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თუმცა ეს კომპრომისი საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა თვალსაზრისით. ერთი ის რომ, სახალხო დამცველის არჩევა აუცილებლად საჭირო იყო, არ შეიძლებოდა ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ასახული ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა. ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს შალვა შავგულიძემ, სალომე სამადაშვილმა, რომან გოცირიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ სხდომას არ ესწრებოდნენ.