ბლინკენმა და ლანდსბერგისმა ვაშინგტონიდან მოუწოდეს პარტნიორებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის ლიეტუველ კოლეგას გაბრიელიუს ლანდსბერგისს ვაშინგტონში მასპინძლობს.

მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, უკრაინაში მიმდინარე ომსა და NATO-ს შემდგომ სამიტს განიხილავენ.

მათი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა და ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვეს აშშ-ლიეტუვის, როგორც NATO-ს მოკავშირეების ურთიერთობების სიმტკიცეს, ასევე უკრაინის მხარდაჭერას.

„მათ აიღეს ვალდებულება, გააგრძელონ რუსეთისთვის ძლიერი ეკონომიკური ხარჯების დაწესება სანქციების გზით და პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთის თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისინი გააგრძელებენ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს, ხოლო მოკავშირეებსა და პარტნიორებს იგივესკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უმაღლესმა დიპლომატებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი და ხაზი გაუსვეს მათ ვალდებულებას, ერთად იმუშაონ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად მოახლოებული სამიტის წინ.

„მდივანმა ბლინკენმა გამოხატა მადლიერება ლიეტუვის გადაწყვეტილების გამო, წინ აღუდგეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ეკონომიკური იძულების პოლიტიკას“. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლანდსბერგისმა გამოხატა მადლიერება იმ მრავალი ზომისთვის, რომლებიც აშშ-მ გაატარა ლიეტუვის მხარდასაჭერად და მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.