შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს.
IPN-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ექვსივე მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
რაც შეეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას, უწყებაში ამ ეტაპზე ვერ ადასტურებენ ინფორმაციას.
„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები. სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე წერს.