ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ თსუ-ს არჩევანი ევროპაა.
ის Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება „უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო მიმდინარე პროტესტს, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ.
„თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ", - წერს ჯაბა სამუშია.
„ჩვენი არჩევანი ევროპაა!
საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო-პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა.
შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ სამყაროსთან ასოცირდებოდა. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითამაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველების სწრაფვა ევროპისკენ სწორედ ამით იყო განპირობებული, რადგან ჩვენ ამ სივრცეში ვეძებდით ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს.
საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს ევროპულ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.
ისტორიულად და დღევანდელ რეალობაშიც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია!
საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია!
შინ ევროპისკენ!" - წერდა სამუშია უფრო ადრე გამოქვეყნებულ პოსტში.