ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, განიხილოს კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება

საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების თაობაზე.

  • „როგორც უკვე განვაცხადეთ, ეს კანონპროექტი, ამჟამინდელი სახით, მნიშვნელოვან შეშფოთებას ბადებს მისი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. გუშინ მისმა ნაჩქარევად მიღებამ, ყველა შესაბამის მხარესთან დიალოგისა და ჯეროვანი კონსულტაციების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყო ქართული საზოგადოებაში განხეთქილებისა და პოლარიზაციის გაზრდას. ის, როგორც ასეთი, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას და ევროინტეგრაციას“.

თანამომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული ევროპის საბჭოს იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფის, ვენეციის კომისიის სათანადო შეფასების გარეშე. მათ, აგრეთვე აღნიშნეს, რომ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის ნებისმიერი შენიშვნა და რეკომენდაცია სრულად უნდა გაიზიაროს არამხოლოდ წერილობით, არამედ, სულისკვეთების მხრივაც.

  • „ვენეციის კომისიის დასკვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენთვის გაუგებარია, რამდენად იქნება ეს საკმარისი ქართულ საზოგადოებაში არსებული იმ ღრმა განხეთქილებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიყენებული ზიანის გასაქარწყლებლად, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია. შესაბამისად, პარლამენტისადმი ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, განიხილოს კანონპროექტის დღის წესრიგიდან სრულად ამოღება“.

თანამომხსენებლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. მათ აგრეთვე მოუწოდეს მომიტინგეებს და პროტესტის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

თანამომხსენებლები თბილისში ვიზიტს 2023 წლის 27-29 მარტს გეგმავენ.