არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობრულ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეებში უკრაინის დროშები უჭირავს საქართველოს მოედნებსა და ქუჩებში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ჰიმნისთვის, რომელიც თბილისში შესრულდა. ეს არის პატივისცემა უკრაინის მიმართ და მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა საქართველოს მიმართ.

არ არსებობს უკრაინელი, რომელიც ჩვენს მეგობარ საქართველოს წარმატებას არ უსურვებს - დემოკრატიულ წარმატებას. ევროპულ წარმატებას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირში და ვიქნებით იქ. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ერი. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია უკრაინისთვის! დიდება ყველას, ვინც იბრძვის თავისი ძმებისთვის! დიდება უკრაინას!" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.