„კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, სხვაგვარი დათქმა არ არსებობს“, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას უკან ვერავინ წაიღებს.
„ხალხის პროტესტზე თუა საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების...(შემთხვევაში რედ). ეს წარმოუდგენელი ამბავია. მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი - წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც მინდა განგიმარტოთ, რომ პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა და ერთი კანონის შემთხვევაში ასე მოხდა. რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა არის შეუძლებელი, ასევე დაჩქარებულად განხილვა არის შეუძლებელი, იგივე რეგლამენტი თანახმად.
აქედან გამომდინარე, წმინდა წყლის სპეკულაციაა, ამ ლოგიკით, შეგვიძლია ნებისმიერი გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი, რომ კანონი გაიწვიოს და შემდეგ მოუნდეს ფორმალური საკითხების გამოყენება”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ხალხის ძალამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ის ვერსიაც გამოიხმო უკან, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.
რაც შეეხება კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მას მეორე მოსმენაზე გაიტანენ, თუმცა მხარს არ დაუჭერენ და ამ ფორმით ჩააგდებენ.
„რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, რაზეც უკვე ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ დაისვა კითხვები, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ ვენეციის კომისიას აღარ ვთხოვთ, რომ დასკვნა გამოგვიგზავნოს.
ერთი კანონპროექტი, რომელზეც ეს შესაძლებელი იყო, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზანვილია წერილი პარლამენტში, თავმჯდომარის სახელზე. მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს და მის გამოწვევის გზებს, მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ეს პროცედურულად გადაწყვეტს საბოლოოდ ამ საკითხს“, - აცხადებს მდინარაძე.