გირჩი: თუ "ოცნება" ოპოზიციის სადეპუტატო მანდატებს გააუქმებს, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტას "გირჩიც" მოითხოვს

პოლიტიკური პარტია "გირჩის" განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტს, "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს დაუყოვნებლივ ჩააბარებენ.

"გირჩი" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს და დისკუსიისთვის დრო დატოვონ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.

"ხვალ "ქართული ოცნება" ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. პარალელურად, მეგობარი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. არცერთი მხარე მოლაპარაკების შეწყვეტის სურვილს საჯაროდ არ გამოთქვამს, შესაბამისად, არც მის ჩაშლაზე იღებს პასუხისმგებლობას.

"ქართული ოცნება", როგორც მმართველი პარტია, საკამათო არჩევნების ჩატარებაზე მთავარი პასუხისმგებელია. ლოგიკურია, რომ მომატებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც მას ეკისრება. ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ჩვენს კოლეგებს "ქართული ოცნებიდან" ვთხოვოთ, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები გაიაზრონ, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ, მოლაპარაკების მაგიდასთან, ამ რისკების გააზრებით მივიდეთ.

თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, "ქართული ოცნება"კოლეგებს უფლებამოსილებას მაინც შეუწყვეტს, ამას მივიღებთ "ქართული ოცნების" მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს", - აღნიშნულია "გირჩის" განცხადებაში.

51 ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.

ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ.

სხვა დეპუტატების მსგავსად "გირჩი"-ს წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, პარლამენტისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.